განახლებადი ენერგია – მზე

ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოება და მოხმარება თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნას წარმოადგენს. შესაბამისად მეცნიერები ცდილობენ დახვეწონ ტექნოლოგიები დიზაინისა და პროდუქტიულობის თვალსაზრისით. ამის კარგი მაგალითია მზის პანელი “სმარტფლოვერი” (Smartflower).

სახელი “სმარტფლოვერი” მისი ვიზუალიდან გამომდინარეობს, რადგან იგი ყვავილის ფორმისა და სტრუქტურის მიხედვითაა შექმნილი. “სმართფლოვერი” მუშაობას განთიადისას იწყებს და ჩვეულებრივი მზის პანელებისგან განსხვავებით 40-50% – ით უფრო ეფექტურია. მოწყობილობის საიდუმლო მის მოძრავ ფურცლებშია, რომლებიც მზისკენ ავტომატურ რეჟიმში იხრება და იშლება. პანელის ფურცლები აღჭურვილია ჯაგრისებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მტვრისგან გაწმენდასა და შეუფერხებელ მუშაობას.

საინტერესოა ისიც, რომ ღამით და ძლიერი ქარის დროს, დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, “სმართფლოვერი” თავისით იკეცება.

ევროპის მასშტაბით, ჯერ-ჯერობით, 1000 “სმართფლოვერია” დამონტაჟებული, რომლებიც როგორც საცხოვრებელი სახლებისთვის, ისე მცირე ბიზნესისთვის გამოიყენება.

მოგეხსენებათ, რომ ერთი ევროპული ოჯახი წელიწადში დაახლოებით 3.500 kWh ენერგიას მოიხმარს. მოცემულ მოწყობილობას კი საშუალოდ 3.400 – 6.200 kwh – ი ენერგიის გამომუშავება შეუძლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვეულებრივი მზის პანელებისგან განსხვავებით “სმარტფლოვერის” სასურველ ადგილზე გადაადგილება და დამონტაჟება რთული არ არის. ამ პროცესისთვის 3 საათი სრულიად საკმარისია.